შინაგან საქმეთა სამინისტროში შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს ინიციატივით წამოწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჟურნალისტებისთვის და მოქალაქეებისთვის გამოცხადებული კონკურსის ჟიურის სხდომა გაიმართა. ჟიურის წევრებმა წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინეს. მათი ვინაობა საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ. ჟურნალისტური ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, მწერალი დათო ტურაშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე.
დღესვე გამოვლინდნენ კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები - ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სლოგანის, ლოგოსა და ფოტოსურათის ავტორები. საკონკურსო ნამუშევრები კამპანიის „ფეისბუკი“-ს გვერდზე აიტვირთა და გამარჯვებულები ხმების რაოდენობით გამოვლინდნენ.
კონკურსში გამარჯვებულები შსს-სა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია „UN WOMAN“-ისგან სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო.