შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 41-ე შეხვედრას დაესწრნენ, რომელიც მიმდინარე წელს ევროკავშირის მონიტორინგის მისიის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მხრიდან შვეიცარიის თავმჯდომარეობით პირველად წარიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართების და ღობეების უკანონო მონტაჟის ამსახველი მასალა წარადგინეს და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნული პროცესის შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება.
ქართულმა მხარემ გორის რაიონის სოფლების – ქერე-კოშკას მონაკვეთზე პოლიციის პატრულირების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე არეალში ყველაფერი გაკეთდეს, რათა შენარჩუნდეს სიმშვიდე და სტაბილურობა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და ცხინვალის ციხეებში მყოფი პატიმრების საკითხს.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება.