შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის და ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოებს ეწვია.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის აღნიშნული სამმართველოები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ ნავთობსადენის და სამხრეთკავკასიური გაზსადენის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
გიორგი მღებრიშვილმა, შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორ ზურაბ ჭაბაშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს ციხისჯვრის განყოფილება, ასევე, ტაბაწყურის და ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგოები მოინახულა. შს მინისტრმა ობიექტები დაათვალიერა, დეპარტამენტის რეგიონულ ბაზებზე დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასაც შეხვდა.
„შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია. იგი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ენერგოდერეფნის და მისი ინფრასტრუქტურული ობიექტების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ამ მოვალეობას აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლები წლების განმავლობაში წარმატებით და კეთილსინდისიერად ასრულებენ.
მათმა თავდაუზოგავმა შრომამ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ დღეისათვის საქართველო სანდო, სტრატეგიული სატრანზიტო პარტნიორი ქვეყანაა, რაც მას მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტების სუბიექტად აქცევს.
მადლობას ვუხდი შს სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტმენტის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც, რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, ღირსეულად, თავდაუზოგავად ემსახურებიან სამშობლოს“, - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რეგიონულ ბაზებში სამორიგეო და საიარაღო ოთახები, სპორტდარბაზი, ავტოფარეხი, პირადი შემადგენლობის საცხოვრებელი შენობები, სპეცტექნიკა და სამთო აღჭურვილობა დაათვალიერა. შს მინისტრი, ასევე გაეცნო აღნიშნულ ბაზაზე დამონტაჟებულ ციფრულ ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემას.