შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავისი მეორე სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, შს მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, პირველი შეხვედრა დრეზდენში, საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრ მარკუს ულბიგთან გამართა. შეხვედრას საქსონიის პოლიციის პრეზიდენტი იურგენ გეორგიც ესწრებოდა.
საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს დრეზდენში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის ფედერალური მოწყობის პრინციპიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს შს მინისტრის გადაწყვეტილება, პირადად სწვეოდა ცალკეულ ფედერალურ მიწებს, ადგილზე ვითარების გაცნობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
საქსონიის პოლიციის პრეზიდენტმა საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს, გვანცა ჩხვიმიანის მუშაობას ფედერალურ მიწაზე მაღალი შეფასება მისცა. როგორც იურგენ გეორგიმ აღნიშნა, პოლიციის ატაშეს ნაყოფიერმა საქმიანობამ, ინფორმაციის მუდმივმა გაზიარებამ და ორი ქვეყნის სამართალდამცველების სისტემატურმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
შეხვედრაზე საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა და ვიზალიბერალიზაციის ფორმატში სამომავლო, კიდევ უფრო მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა. როგორც მარკუს ულბიგმა აღნიშნა, გერმანიაში კარგად იციან ის ფაქტი, რომ საქართველოში პოლიტიკური ან სხვა ნიშნით არავინ იდევნება. შესაბამისად, „თავშესაფრის“ მიღების მსურველებს არაკეთილსინდისიერი მიზნებით გერმანიაში დარჩენის ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ. საქსონიის შს მინისტრის თქმით, გერმანული მხარე დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს, რომ გერმანიაში დანაშაულის ჩამდენი პირები საქართველოდან არ იმართებიან.
მხარეებმა განსაკუთრებით წარმატებულად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით. საქართველოს შს მინისტრის პირველი სამუშაო ვიზიტის დროს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ხელი მოეწერა „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს შსს-ს მიერ გერმანიიდან შემოსული რეადმისიის მოთხოვნათა თითქმის 100 პროცენტი დაკმაყოფილდა.
საქართველოს შს მინისტრმა ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობას და მისი კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათ შორის, სამუშაო ჯგუფების შექმნისა და კონკრეტული გეგმების შემუშავების მიმართულებით. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ყველა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგას. შესაბამისად, საერთო პრობლემების გამკლავება წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობითაა შესაძლებელი.
შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყანაში და კონკრეტულად, უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და გერმანულ მხარეს მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები გააცნო. გიორგი მღებრიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს შსს-სა და ევროპის პოლიციის სამსახურს (EUROPOL) შორის, რაც დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილმა და მარკუს ულბიგმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განზრახვის თაობაზე ერთობლივ განცხადებას“ მოაწერეს ხელი. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავენ, რომლებიც საპოლიციო საქმიანობის, დანაშაულის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაცვლას და გაზიარებას, ასევე, პოლიციელთა ტრენინგის მიზნით შინაარსობრივი ინფორმაციისა და მეთოდების შესახებ პრეზენტაციების გამართვას, ვიზიტების განხორციელებასა და ექსპერტების გაცვლას ითვალისწინებს.
გიორგი მღებრიშვილმა მარკუს ულბიგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია.