გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ვისბადენში, ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრს, პეტერ ბოითს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ გეგმებსა და მიმართულებებზე იმსჯელეს.
როგორც ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრმა განაცხადა, იგი უაღრესად მოხარულია ქართული მხარის გადაწყვეტილების გამო, გერმანიის ცალკეულ ფედერალურ მიწებთან პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს, განსაკუთრებით, სამართალდაცვით სფეროში. „გავეცანი იმ რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბოლო პერიოდის მანძილზე ხორციელდება. ქვეყნის განვითარების გზა და თქვენი დამოკიდებულება საკითხებისადმი ადასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით ვითარდება და ამ მხრივ, მაღალ საფეხურზე დგახართ. ამდენად, ჩვენ მოხარული ვართ თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობის. ის, რომ ფედერალური მიწების დონეზე ავითარებთ ურთიერთობებს, ნიშნავს, რომ კარგად გესმით გერმანიის ფედერალური მოწყობის საკითხი და შიდა უსაფრთხოების სტრუქტურების მუშაობა. თქვენი მხრივ, ეს უაღრესად სწორი გადაწყვეტილებაა, რასაც მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ მზად ვართ, საპოლიციო თანამშრომლობა საქართველოსთან კიდევ უფრო გავაღრმაოთ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილთან საუბრისას პეტერ ბოითმა.
თავის მხრივ, საქართველოს შს მინისტრმა გერმანელ კოლეგას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში სამართალდაცვით სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმები და შს სამინისტროში დაგეგმილი პროექტები გააცნო. გიორგი მღებრიშვილმა ყურადღება გაამახვილა შსს-ს პოლიციის ატაშეების ნაყოფიერ საქმიანობაზე ევროპაში და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გერმანიასთან ფედერალურ დონეზე, თუმცა, მეტი შედეგების მიღწევისთვის, აუცილებელია, ცალკეული მიწების სამართალდაცვით სტრუქტურებთან პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ. სწორედ ამ მიზნით ვიმყოფები გერმანიაში“, - განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილი ადგილობრივ სამართალდამცველთა მუშაობის სპეციფიკითა და სტრუქტურით დაინტერესდა. გერმანელმა კოლეგამ საქართველოს შს მინისტრს ჰესენში მოქმედი კანონმდებლობის, საპოლიციო საქმიანობის და არსებული გამოწვევევის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა გერმანიაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზეც ისაუბრეს, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში არიან შემჩნეული. პეტერ ბოითის თქმით, მათი რაოდენობა ჰესენში დიდი არ არის, თუმცა, მისი დავალებით, ადგილობრივი სამართალდამცველები ამ პრობლემის საბოლოოდ აღმოსაფხვრელად ქართულ მხარესთან მჭიდროდ ითანამშრომლებენ.
გიორგი მღებრიშვილმა და პეტერ ბოითმა ხელი მოაწერეს “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჰესენის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და სპორტის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა მიმართულებით საპოლიცო თანამშრომლობისა და პარტნიორული ურთიერთობების განვითარების მყარ საფუძველს ქმნის.
შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ჰესენის ფედერალური მიწის შს მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.