შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ „Mount Whitney“-ზე გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა შეაფასა და მას აშშ-ს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 12 ოქტომბერს შემოვიდა. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების დელეგაციას ბათუმის პორტში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ორდღიანი ერთობლივი სწავლება ჩატარდა, რომელიც საზღვაო ოპერაციების სამართალს, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების დაგეგმვასა და საზღვაო მანევრებს მოიცავდა.
სწავლების პარალელურად, აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების დელეგაციის წევრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებსა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩიც გაიმართა.
ამერიკული გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 15 ოქტომბერს დატოვებს.