საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „ბრითიშ პეტროლიუმის“ (BP) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და „BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მილსადენების უსაფრთხოების საკითხები, რისკების კონტროლისა და რეაგირების მექანიზმები განიხილეს.
საქართველოს მთავრობასა და BP-ს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის, სამხრეთ-კავკასიური მილსადენის პროექტის, დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის და სუფსის ტერმინალზე განთავსებული მისი კუთვნილი ობიექტების უშიშროების უზრუნველყოფის თაობაზე“ და „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უშიშროების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ“.
შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სუფსის ნავთობის ტერმინალის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის სამხრეთ-კავკასიური გაზსადენისა და მათი ინფრასტრუქტურის დაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
„BP-საქართველოს“ გენერალურმა მენეჯერმა კრის შლიტერმა საქართველოს შს სამინისტროს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.