საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.
შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის გეგმები განიხილეს.
გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგას სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
ვლადიმირ გასპარიანმა გიორგი გახარიას ნაყოფიერი თანამშრომლობის აღსანიშნავად სპეციალური ჯილდო გადასცა.