საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალს, ვიცე-ადმირალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია "Sea Guardian"-ში საქართველოს სანაპირო დაცვის ქვედანაყოფების (სააბორდაჟო ჯგუფების) ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფების შეფასებისა და სერტიფიცირების პროცესის წარმატებით დასრულების სურვილი გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს სანაპირო დაცვას ეყოლება ნატოს სტანდარტებით მომზადებული, აღჭურვილი და სერტიფიცირებული სააბორდაჟო დანაყოფები, რომელთაც ნატოს რეაგირების ძალების (NRF) სტატუსი მიენიჭებათ.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ვიზიტების ინტენსიურობის გაზრდა საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური გზავნილია. მან ხაზი გაუსვა ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჩართულობისა და ნატოს საზღვაო ძალებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობას.
გიორგი გახარიამ ნატოს საზღვაო ძალების სარდალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის აბორდაჟის ჯგუფების მომზადების პროცესში გაწეული დახმარებისათვის.
ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი, სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.