შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, არად ბენკოს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, კარლჰაინც გორტანო.
გიორგი გახარიამ ავსტრიის პოლიციის ატაშეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
გიორგი გახარიამ და ავსტრიელმა სტუმრებმა უკანონოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ ეფექტურ თანამშრომლობაზეც ისაუბრეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ავსტრიის ელჩს მიმდინარე და სამომავლო რეფორმები და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.