შსს-ს სსიპ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი საქართველოში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. 112-ის მომსახურებით ევროპის ქვეყნები 1991 წლიდან სარგებლობენ. ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, 11 თებერვალი 112-ის დღედ 2009 წელს გამოცხადდა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის იუბილე საქართველოშიც აღინიშნა. ღონისძიებას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეწვია და 112-ის ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეს დღე პირადად მიულოცა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და 112-ის ეფექტურ მუშაობაში წვლილის შეტანისთვის ცენტრის 5 თანამშრომელს მადლობის სიგელი გადასცა. 112-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა შს მინისტრს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცენტრში განხორციელებული ცვლილებები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ 112-ის სხვადასხვა ასაკობრივი სეგმენტის მომხმარებლები. საჩუქრები 112-თან დაკავშირებული ისტორიების და ფოტოკონკურსში გამარჯვებულმა მოქალაქეებმაც მიიღეს. კონკურსის ფარგლებში შერჩეული საუკეთესო ფოტოები ცენტრში გამოიფინება.
ღონისძიებაზე მომხმარებლებს ოპერატორების მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იცოდნენ, რა სირთულეებს აწყდებიან ოპერატორები და რაოდენ სტრესულია მათი საქმიანობა. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე მოქალაქეების ზარებს პასუხობს. 112-ზე ზარის განხორციელება უფასოა და დარეკვა შესაძლებელია საქართველოში მოქმედი ყველა ფიქსირებული თუ მობილური სატელეფონო ქსელიდან მაშინაც კი, თუ ტელეფონი ორმხრივად არის გათიშული ან მობილურ ტელეფონში არ დევს სიმ-ბარათი. საქართველოს 112-ის ოპერატორებმა 2013 წლის განმავლობაში 8 401 512 ზარს უპასუხეს.