ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და საქართველოს პოლიციის ატაშემ ესპანეთის სამეფოში, შალვა შუბლაძემ შეხვედრა გამართეს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, ელენა გარსონ ოტამანდისთან და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორთან, ანტონია მენა ლოპესთან.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს ესპანეთსა და საქართველოს შორის არსებული წარმატებული ორმხრივი საპოლიციო თანამშრომლობა.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ცირკულარული მიგრაციის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივები, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტულობა და იმ შესაძლებლობების მნიშვნელობა, რომლებიც ესპანეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.
მხარეებმა, ასევე, განიხილეს საქართველოს მიერ გაცემული მართვის მოწმობების აღიარების საკითხი და ამ მიმართულებით უწყებებს შორის სამუშაო შეხვედრებისა და კონსულტაციების გამართვა დაგეგმეს.
შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ ესპანელ სამართალდამცველებს წარმატებული საპოლიციო თანამშრომლობისათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელით, მადლობის სიგელები გადასცა.