შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 56-ე შეხვედრას დაესწრნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი.
შეხვედრაზე საუბარი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართებით გამოწვეულ ვითარებას შეეხო, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის, როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2008 წელს უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის, გასულ წელს უკანონოდ დაკავებული რომან შიტიკოვის და 2014 წელს გაუჩინარებული დავით ბაშარულის საკითხი, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ დოლიაანის მიმდებარე ტერიტორიზე გარდაცვლილი იპოვეს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ტირიფონის არხის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი სეგმენტის გაწმენდითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში განახორციელებენ, რის შედეგადაც, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას საირიგაციო წყლით თანაბრად შეეძლება სარგებლობა.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.