შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, 19:42 საათზე, შევიდა შეტყობინება, რომ ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე არსებულ წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ადგილზე დაუყოვნებლივ მოახდინა ათობით მეხანძრე-მაშველისა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მობილიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში, ასევე, ჩაერთნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები.
ხანძრის ქრობის ეფექტიანი გეგმის შემუშავების, მისი წარმატებით განხორციელებისა და ერთობლივი ოპერატიული რეაგირების შედეგად, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, წიწვოვან ტყეში 2 ჰა ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება უმოკლეს დროში მოხერხდა და ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გავრცელების საშიშროება არ წარმოქმნილა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის, ატენის ხეობაში, მთის ფერდობზე, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.