საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, მამუკა ჭელიძე აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) რეგიონულ დირექტორს - უილიამ უორენთს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წარმატებით ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიება, რომლის შედეგადაც ქართველმა, უკრაინელმა და სომეხმა სამართალდამცველებმა უკრაინაში, ქალაქ კიევში, 368 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ამოიღეს.
DEA-ს რეგიონულმა დირექტორმა აღნიშნული ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში საქართველოს პოლიციის მიერ შეტანილ წვლილსა და მის ეფექტურ მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება. უილიამ უორენთმა ქართველ კოლეგებს ბოლო წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისა და წარმატებული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ DEA-ს წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.