შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ ფარტენაძე, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, მოქალაქეს გონიოს დასახლებაში, ზღვისპირა ზოლში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით, დაბალ ფასად შეძენაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, 1 600 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
2014 წლის 28 მარტს მალხაზ ფარტენაძემ წინასწარ აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 50 000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).