ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის 28 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე და შეუქცევად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას - 4-შკალიანი რეიტინგული სისტემის პირველი, უმაღლესი ნიშნულით - 1-ლი კალათით. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო წელს ერთადერთია, რომელიც პირველ კალათაში მოხვდა.
მოგეხსენებათ, მიმდინარე წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სწორედ ტრეფიკინგის საქმეების მონიტორინგი და გამოძიების ეფექტიანობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ასევე, ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად მოყვანილია საქართველოს ძალისხმევა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვთა პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ასევე, პოზიტიურად არის შეფასებული სამართალდამცველთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით.
ანგარიში დადებითად აფასებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ ეროვნულ რეფერალურ მექანიზმსა და სამართალდამცავ ორგანოებსა და მსხვერპლებთან მომუშავე უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას.