შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უძღვებოდა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას და მის განხილვას. აღნიშნული სამოქმედო გეგმა შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ბრძანებით, მიმდინარე წლის 31 მარტს დამტკიცდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა - ანნა ჩერნიშოვამ და საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ - ეკატერინე სხილაძემ.
სამოქმედო გეგმის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გეგმით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები. შეხვედრის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებსა და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და მოსაზრებების წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცათ, საჭიროების შემთხვევაში სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების ასახვის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა საფუძველს ჩაუყრის რეგულარული ხასიათის მქონე სამომავლო თანამშრომლობას, რომლის ნიადაგზეც საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება. მისი მიზანი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემთან მუდმივი და მჭიდრო კონსულტაციების წარმოება, ისევე, როგორც სამომავლო სამოქმედო გეგმების შემუშავების და განხორციელების პროცესში მათი არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა.