შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის შემუშავების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში - კაორი იშიკავამ გახსნეს.
ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგისა და გენდერული პერსპექტივის ინტეგრირების მიმართულების გაძლიერებასა და სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების, როგორც თანაბარი შესაძლებლობებისა და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა უკანასკნელ წლებში უწყების მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლის კვალდაკვალ, სამუშაო ადგილზე გენდერული თანასწორობის მიღწევის თვალსაზრისით არსებული გამოწვევების საპასუხოდ და სისტემაში ეფექტიანი გენდერული პოლიტიკის გასატარებლად, სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების შიდა მექანიზმის დანერგვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სამუშაო შეხვედრა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის - „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ არის მხარდაჭერილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას და კიდევ ერთხელ გმობს მათ მიმართ ძალადობის ნებისმიერ ფორმას, რაც დიდ დაბრკოლებას წარმოადგენს ქალების სრული თანასწორუფლებიანობის მიღწევისათვის.