შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს და უბნის ინსპექტორებს, აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით, ორი სასწავლო კურსი ჩატარდათ, თემებზე: „ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება“ და „ოჯახში ძალადობის გამოძიება“.
ტრენინგებზე აშშ-ს სამართალდამცავი უწყებების მიერ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს, მათ შორის, დაზარალებულთან ურთიერთობის, გამოკითხვის ტექნიკის, ძალადობის ფაქტების გამოძიებისა და პოლიციელის პირადი უსაფრთხოების უნარების შესახებ.
სასწავლო კურსებს სიეტლისა და კოვინგტონის პოლიციის დეპარტამენტების პოლიციელები და დაზარალებულთა კოორდინატორები უძღვებოდნენ.
კურსის პრაქტიკული ნაწილის დროს, ამერიკელმა კოლეგებმა ტრენინგის მონაწილეებს ოჯახში ძალადობის სიმულაციური ჩვენება წარუდგინეს და მასზე რეაგირების პრაქტიკულ მეთოდებზე ესაუბრნენ.