შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტმა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის 130-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
ვიზიტის ფარგლებში, მოზარდებმა "112"-ის სამუშაო დარბაზი დაათვალიერეს და ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს გადაუდებელი დახმარების უნიკალური ნომრის - "112"-ის შესახებ, რომლის დანიშნულებაა მთელი საქართველოს მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში, გადაუდებელი შემთხვევების დროს მოქალაქეთათვის დახმარების აღმოჩენა.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში მოზარდებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ და რა დროს უნდა დარეკონ "112"-ზე. მოსწავლეებმა ასევე გაიგეს, რომელი გადაუდებელი სამსახურის ბრიგადის გამოძახებაა შესაძლებელი "112"-ზე დარეკვით. მოზარდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს "112"-ის ოპერატორთან თანამშრომლობის წესების შესახებ: თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საგანგებო შემთხვევის დროს ოპერატორს და რა კითხვებზე უნდა ჰქონდეთ პასუხი.
უფროსკლასელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის წარმომადგენლებმა განუმარტეს, რომ "112"-ზე მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში უნდა დარეკონ. მოსწავლეებმა ასევე შეიტყვეს, რა ზიანის მომტანია ცრუ ზარის განხორციელება "112"-ზე და რა სანქციებია გათვალისწინებული ნომრის არამიზნობრივად გამოყენების შემთხვევაში.
სტუმრები "112"-ის SMS და ვიდეოზარის სერვისითაც დაინტერესდნენ და გაიგეს, როგორ უნდა ისარგებლონ აღნიშნული სერვისით ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა.
პროექტის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. ასევე, ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების, მართლშეგნებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა და გადაუდებელ სიტუაციებში ქცევის წესების ჩამოყალიბება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ. პროექტი ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის არაქართულენოვან სკოლებში.