შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს საქართველოში აშშ-ს ელჩი იან კელი, სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) უფროსი მაიკლ მაკმენი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე და საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების ატაშე ბრუნო ბალდუკი ესტუმრნენ.
სტუმრებმა „112“-ში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მათი ვიზიტის მიზანი, დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით, „112“-ის ინიციატივით დაწყებული კამპანიის განხორციელება იყო, რომელიც არარეზიდენტებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდას ემსახურება.
„112“-ის დაკვეთით, 2014 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტურისტების 76%-მა არ იცის, გადაუდებელი დახმარების რომელი ნომერი მოქმედებს საქართველოში. აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, „112“-ის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო კამპანია განახორციელა.
პროექტი დღეიდან დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კამპანიის საბოლოო შედეგის მიღწევაში.
აშშ-სა და საფრანგეთის საელჩოების გარდა, „112“-ის პროექტში საქართველოში მოქმედი სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები აქტიურად ჩაერთვებიან.