შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ „ზებრა“-გადასასვლელთან სიმბოლური აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
„ზებრა“–გადასასვლელთან დაიდგა ფორტეპიანო, რომელზეც განთავსებული იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის სტიკერები და წარწერები: „ისარგებლე „ზებრა“-გადასასვლელით“ და „გზა დაუთმე ქვეითს“. აქციის იდეის თანახმად, ფორტეპიანო და მისი კლავიატურა სიმბოლურად „ზებრა“- გადასასვლელს ასახავდა.
აქციის განმავლობაში ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ფორტეპიანოზე დაკვრა და ამ ფორმით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში ჩართვა.
აქციას ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეები, ასევე, გამვლელები შემოუერთდნენ და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს.
აქცია-პერფორმანსის მიზანი იყო საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეითებმა ისარგებლონ „ზებრა“-გადასასვლელით, ხოლო მძღოლებმა - გზა დაუთმონ ქვეითებს.
ღონისძიება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამა მოიცავს სოციალურ კამპანიას – „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. ამავე პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში, დაინერგა მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემა და უკონტაქტო პატრულირება, ასევე, გამკაცრდა ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის და საგზაო უსაფრთხოების წესები.