შსს-ს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანია, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასთან დაკავშირებით, მხარეთა ურთიერთდახმარება და ხელშეწყობა.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ ერთმანეთს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული მომსახურებებითა და ინფორმაციით, ასევე, გამართავენ ერთობლივ საკოორდინაციო შეხვედრებს. ცენტრი სააგენტოს თანამშრომლების ყოველწლიურ სწავლებებს უზრუნველყოფს. მხარეები დაესწრებიან ერთობლივ სასწავლო სემინარებს, საკოორდინაციო პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ვარჯიშებს.
მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობა გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.