შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა წარმატებით ჩატარებული ღონისძიების შედეგად ბელორუსი ტურისტი გადაარჩინეს.
შეტყობინება ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ში შევიდა, იმის შესახებ, რომ უშბაზე, ზღვის დონიდან 3850 მეტრზე ე.წ. ,,მიშლიაევის’’ მარშრუტით ერთ-ერთ ტურისტს კლდეზე სამაგრი გაუტყდა, მოწყდა მთიდან და ადგილზე გარდაიცვალა. მეორე ტურისტი კი დახმარებას საჭიროებდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემართა სამაშველო ჯგუფი. რთული მეტეოროლოგიური პირობების და რელიეფის გამო, შეუძლებელი გახდა კლდის ქიმზე შემორჩენილი ადამიანის ჩამოყვანა.
გამთენიისას, მესტიაში სამაშველო ოპერაცია განახლდა. ბელორუსიის მოქალაქე მაშველების დახმარებით უვნებლად იქნა ჩამოყვანილი კლდიდან. გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი გადასვენებულ იქნა მესტიის საავადმყოფოში. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენი.