შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან ბუიღლიშვილმა და სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს განყოფილების უფროსმა ოთარ კერესელიძემ უკრაინაში, ქ. კიევში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის (PPRD East II) საორგანიზაციო კომიტეტის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.
აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის (PPRD East II) მეორე ფაზის პირველი შეხვედრის მიზანია, კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროფესიული დონის ევროპულ სტანდარტებთან მიახლოება.
ღონისძიებას წინ უძღვოდა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის ეროვნული კოორდინატორების შეხვედრა.
მიმდინარე წლის 23-24 მარტს ქ. კიევში, (PPRD East II)-ის საორგანიზაციო კომიტეტის და ეროვნული კოორდინატორების შეხვედრაზე განიხილეს სამუშაო გეგმის საბოლოო ვერსია. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების ევროკომისიის გენერალური დირექტორატის მაღალი დონის წარმომადგენლებმა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ პროგრამაში ჩართული ექვსივე ქვეყნის (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, უკრაინა, მოლდოვა) დელეგაციები.
მონაწილეებმა განიხილეს პარტნიორ ქვეყნებთან ევროკავშირის სამეზობლო თანამშრომლობის გაფართოების საკითხები სამოქალაქო თავდაცვის სფეროში. აღნიშნული შეხვედრის მიზანია მოსაზრებათა გაცვლა სტრატეგიულ დონეზე.
სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმთან დაკავშირებული ევროკავშირის ახალი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა გაფართოვდეს ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრენინგების, სწავლებების, ექსპერტთა გაცვლითი ღონისძიებების და სხვადასხვა პროექტების სახით.
ვიზიტის ფარგლებში ლევან ბუიღლიშვილი სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დამყარების მიზნით, უკრაინის სამოქალაქო თავდაცვის კვლევით ინსტიტუტს ეწვია, სადაც შეხვედრა გამართა ინსტიტუტის რექტორთან ვიტალი კროპივნიცკისთან.
აღნიშნული ინსტიტუტი უკრაინაში სამოქალაქო თავდაცვის, სახანძრო და ტექნოლოგიური უსაფრთხოების სფეროში წამყვანი სამეცნიერო ორგანიზაციაა. შეხვედრის დროს განიხილეს სააგენტოსა და ინსტიტუტს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.