შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების კრიზისების მართვის ჯგუფის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში გაიმართა. სტუმრებს პრეზენტაცია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსმა გიორგი ჩარკვიანმა წარუდგინა. მან დელეგაციის წევრებს საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის მოდელი გააცნო. პრეზენტაციის ფარგლებში სტუმრებთან ერთად განიხილეს სააგენტოს სტრუქტურა, მისი ძირითადი ფუნქციები, საქმიანობა, საკანონმდებლო ბაზა, კრიზისების მართვის კუთხით გატარებული და მიმდინარე რეფორმები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები.
საქართველოში ავსტრიის დელეგაციის ვიზიტის მიზანია, საგანგებო სიტუაციების დროს კოორდინირებული თანამშრომლობის მიზნით შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრების გამართვა და მათი საქმიანობის გაცნობა.
აღნიშნულ შეხვედრას, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.