შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს მოსანახად ფართომასშტაბიანი საძიებო-სამაშველო ღონისძიება ჩაატარა.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ხელმძღვანელობით შეიქმნა 15 სამაშველო ჯგუფი, რომლებმაც აწყურის, ბორჯომის, ხარაგაულის და ბაღდათის მიმართულებით 15 სხვადასხვა მარშრუტი გაიარეს და ტყე-პარკის ყველა ხეობა დეტალურად დაათვალიერეს.
გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა საქართველოს. ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს „112“-ში მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა იმავე დღეს დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება. გერმანელი მეცნიერის მოსანახად საძიებო ღონისძიება გრძელდება.