შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ჟანდარმერიებისა და გასამხედროებული პოლიციის სტატუსის მქონე ძალების გაერთიანების (FIEP) სამუშაო შეხვედრას დაესწრო, რომელიც პორტუგალიის ქ. ლისაბონში გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც FIEP-ის სრულუფლებიანი ასევე ასოცირებული, დამკვირებლის სტატუსის მქონე წევრი და სხვა კანდიდატი ქვეყნის წარმომადგენლები.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიზანია გახდეს FIEP-ის წევრი დანაყოფი. ამ მიზნით, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დეპარტამენტმა მოახდინა საქმიანობისა და ფუნქციამოვალეობების ამსახველი პრეზენტაციის წარდგენა.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი იმყოფება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარების პროცესში. FIEP-ში გაწევრიანება ხელს შეუწყობს საერთაშორისო ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებას, რაც თავის მხრივ იძლევა საუკეთესო საერთაშორისო საპოლიციო სტანდარტების გაცნობის, გაზიარებისა და მათი სტრუქტურაში დანერგვის საშუალებას.