საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი, საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი მინისტრი, ნიკოლაოს ტოსკასი შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ბერძენ სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა და მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.
შალვა ხუციშვილი ნიკოლაოს ტოსკასს და დელეგაციის წევრებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრა. ბერძენმა სტუმრებმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, მათ შორის, გაეცნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.
საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს და დელეგაციის წევრებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილი ინოვაციური, ტექნოლოგიური სიახლეებიც გააცნო, რომლებიც გზებზე სატრანსპორტო მოძრაობის რეგულაციის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.