შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ნატრიაშვილი, შსს-ს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ესპანეთის სამეფოში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, დავით ნატრიაშვილი ესპანეთის სამეფოს შსს-ს საერთაშორისო და მიგრაციის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, ელენა გარსონს შეხვდა.
მხარეებმა უკანონო მიგრაციის და საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
ელენა გარსონმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს შს სამინისტროსთან არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა. დავით ნატრიაშვილმა ელენა გარსონს საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს წარმატებული თანამშრომლობის მაღალი შეფასებისა და თეთრი ჯვრით დაჯილდოებისთვის მადლობა გადაუხადა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შსს-ს დელეგაციამ, ასევე, შეხვედრა გამართა ესპანეთის სამეფოს შსს-ს ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორთან, ხერმან ლოპეს იგლესიასთან და ამავე უწყების კრიმინალური პოლიციის დირექტორთან, ელოი ალვარესთან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ესპანეთში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს წარმატებული მუშაობის შედეგად, ორი ქვეყნის შს სამინისტროებს შორის ინფორმაციის გაცვლა ეფექტურად და სწრაფად ხორციელდება. ასევე, პოზიტიურად შეფასდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ქართველი და ესპანელი სამართალდამცველების თანამშრომლობა.
საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ესპანეთის სამეფოს შსს-ს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, ხოსე მანუელ ოლგადო მერიოს და ამავე უწყების კრიმინალური პოლიციის დირექტორს, პედრო ორტეგასაც შეხვდა.
შეხვედრაზე არსებული თანამშრომლობის შედეგად მიღწეული შედეგები განიხილეს. მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის დეკლარაციის დოკუმენტის დეტალებზეც ისაუბრეს, რომელსაც, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ, უახლოეს მომავალში, საქართველოში მოეწერება ხელი. „აღნიშნული დოკუმენტი ჩვენი მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია. მჯერა, რომ ორმხრივი პარტნიორობის დეკლარაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას,“- განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნატრიაშვილმა.