2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე პერიოდს.
დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი.
ანგარიშში ხაზგასმულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საპოლიციო სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
ევროკომისია მაღალ შეფასებას აძლევს 2017 წლის აპრილში საქართველოს შსს-ს მიერ ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის და სხვა არალეგალური ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, საქართველში შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია და 2017 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2017 – 2018 წლების სამოქმედო გეგმა.
ევროკომისია დადებითად აფასებს შსს-ს მიერ განხორციელებულ სამუშაოს „კანონიერი ქურდების“, ასევე, ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
ანგარიშში, ასევე, ყურადღება ეთმობა შსს-ს პროექტებს - ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიცია.
ევროკომისიის შეფასებით, 2017 წელს საქართველომ წარმატებით გააგრძელა მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება, ისევე, როგორც მიგრაციის ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვა.
ანგარიშის თანახმად, გრძელდება რეფორმები საზღვრის მართვის სფეროში, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და დამატებითი სასაზღვრო სექტორების შექმნის კუთხით.
დოკუმენტში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის კონტექსტში, საუბარია საქართველოს მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციაზე, ასევე, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებულ კამპანიებზე, რის შედეგადაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხრიდან პოლიციისადმი მიმართვიანობის რაოდენობა გაიზარდა.
ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით დაინერგა შესაბამისი მექანიზმები.
ევროკომისია, ასევე, წარმატებულად მიიჩნევს შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის სფეროებში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება.