შსს-ს აკადემიის პროექტის ფარგლებში - „აღადგინე ისტორია შსს-ს არქივთან ერთად“, ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაში პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო შსს-ს არქივის მიერ გამოცემული წიგნი ,,არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“, ასევე, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები: ,,სარია ლაკობა“, ,,წართმეული პირველობა“ და „ზვიად გამსახურდიას წერილი ალექსი ინაურს“.
ნაწარმოები „არქივის კვალდაკვალ - ზუგდიდი“ ეფუძნება გასულ საუკუნეში ზუგდიდთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველ საარქივო დოკუმენტაციას. კერძოდ, წიგნში ასახულია: ზუგდიდის მაზრის მონაწილეობა 1924 წლის აჯანყებაში; დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გასაბჭოებიდან ერთი წლის თავზე; 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა და ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიები. კრებულში თავმოყრილია აქამდე გასაიდუმლოებული მასალები, რომლებიც სამეგრელოს მოსახლეობას მათი კუთხის შესახებ დაუმახინჯებელ, ფაქტობრივ ისტორიულ მონაცემებს აწვდის.
პრეზენტაციას ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.