შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -ფარგლებში, რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ და გორის რაიონის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარეს.
სპეციალურად გადამზადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.