შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქბრბ ინციდენტების რეაგირებაზე საველე სწავლებაში, რომელიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა.
ტრენინგში, ასევე, მონაწილეობდნენ: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ტრენინგს ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელი აკვირდებოდა.
სწავლების მიზანი იყო დანაშაულის ადგილზე მომუშავე სამსახურების რეაგირების გაუმჯობესება ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებთან მიმართებაში და ექსპერტების ცოდნის გაღრმავება.
სწავლების დროს, სცენარის მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციაზე მოეწყო იმიტირებული ნარკოლაბორატორია, სადაც სხვადასხვა სახიფათო ქიმიური ნივთიერება იყო განთავსებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილის პირველადი დაზვერვა და შეფასება განახორციელეს, ხოლო ქართველმა და სომეხმა ექსპერტებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და მტკიცებულებები ამოიღეს.