შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა "დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირების საკითხებზე" სპეციალური მომზადება გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგი ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მხარდაჭერით ჩატარდა, რომელსაც ევროპელი და ადგილობრივი კვალიფიციური ტრენერები უძღვებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ოცმა თანამშრომელმა ხუთი დღის განმავლობაში თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული კურსიც გაიარა.
თეორიული კურსის დროს ტრენინგზე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ესკორტირების დაგეგმვის და განხორციელების სტანდარტების კუთხით განიხილეს, ასევე, მიმოიხილეს დაბრუნების ერთობლივი ოპერაციების დროს ესკორტირებისას წარმოქმნილი კრიზისული სიტუაციების მართვის საკითხები, უსაფრთხოების შემოწმება, იძულებითი ღონისძიების გამოყენების მეთოდები, ფრენის ეკიპაჟთან კომუნიკაცია, სამართლებრივი ასპექტები და სხვა მნიშვნელოვანი თემები.
ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ღია ტერიტორიაზე ჩატარდა.
სწავლების დასასრულს ტრენინგის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.