შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ დისტანციური ელექტრონული სწავლების მეთოდი საქართველოს კიდევ 10 რაიონში დანერგა. დღეიდან მსმენელებს უკვე ახმეტის, მარნეულის, ქუთაისის, ლანჩხუთის, ქედის, ხელვაჩაურის, ხაშურის, კასპის, დმანისისა და ქობულეთის ელექტრონული სწავლების ცენტრებშიც შეეძლებათ, დისტანციურ კურსში მონაწილეობა მიიღონ.
პირველ ლექციაზე, ოჯახში ძალადობის თემაზე, მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ლექციას მარნეულში დაესწრო, ხოლო შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე მსმენელებს ახმეტიდან ესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
დისტანციური სწავლების კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს.
ელექტრონული სწავლების მიზანია სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას.
სწავლების პირველი ეტაპი ზესტაფონის, სამტრედიის, თელავის, ოზურგეთის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის და ბორჯომის სასწავლო ცენტრებში განხორციელდა. ელექტრონული კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 70-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა, ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების მიმართულებით კი 20-ზე მეტი პოლიციელი გადამზადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ელექტრონულ სწავლებას საქართველოს სულ 20 რაიონში ახორციელებს. უახლოეს მომავალში აღნიშნული სერვისის განვითარება და მისი მთელი ქვეყნის მასშტაბით დანერგვა იგეგმება.