შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვევამდელთა ახალი ნაკადი მიიღო. ორასზე მეტმა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ეზოში საზეიმო ვითარებაში დადო.
ფიცის დადების შემდეგ ახალწვეულებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და სამხედრო მარშით ჩაიარეს, რის შემდეგაც საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურმა ჯარისკაცებს სამხედრო სამსახურის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ცერემონიალს განსაკთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი კოსტანტინე მახარაშვილი, ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გაივლიან. ისინი შესაბამისი წვრთნებით შეისწავლიან სამხედრო საქმეს და პროფესიონალი ჯარისკაცისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ახალწვეულები უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით.