შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ. -სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ. - სგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია „მეტადონი“, ხოლო ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად „ჰაშიში“ ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.- ს მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეფედრონი". გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების „მეტადონის“ და „ალფა პვპ“ - ს შემცველი ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" და "მარიხუანა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე, 273 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.