შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში არაერთგზის განზრახ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისათვის ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული პ.ჭ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 20 აგვისტოს ახალციხეში, ივანე ახალციხელის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინაში უკანონოდ შევიდა, ფული, მობილური ტელეფონი, ძვირადღირებული პარფიუმერია მოიპარა და მიიმალა. პ.ჭ.-მ 25 აგვისტოს ასევე, ახალციხეში, იაძის ქუჩაზე ადგილობრივი მკვიდრის კუთვნილი ავტომობილიდან ფული მოიპარა. 28 აგვისტოს კი, ქუჩაში გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილიდან სანადირო თოფს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. ნაქურდალი სანადირო თოფი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით იქნა ამოღებული.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე პ.ჭ.-მ ბრალდებულის სახით დაკავებისას, პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია და სანადირო თოფიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.