შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1984 წელს დაბადებული ლ.ს. და 1990 წელს დაბადებული გ.გ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ლ.ს.-ს და გ.გ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან თორმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.