შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - ნინო ჯავახაძე და ნათია მეზვრიშვილი, სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ვიზიტით მყოფ წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს გათვალისწინებული რეკომენდაციების, სამინისტროს მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორებში განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
ნინო ჯავახაძემ და ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრის მუშაობის სპეციფიკის და იქ არსებული ვითარების თაობაზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წლის ვიზიტის დროს კომიტეტის მიერ სამინისტროსადმი გაცემული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შეასრულა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები, დაკავებულთა განთავსების და მათდამი მოპყრობის პირობების შეფასების მიზნით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებს მოინახულებენ.