შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატისა და ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ნინო ჯავახაძემ სტუმრებს სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნო, რომლებიც საერთაშორისო სამართალდაცვით თანამშრომლობას, ასევე, უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკის შემცირების მიზნით ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადების მართვის და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სპეციფიკა. შეხვედრაზე მხარეებმა მგზავრთა მიმოსვლის კუთხით არსებულ დინამიკაზეც ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მოინახულეს და მგზავრთა მიმოსვლის მიმართულებით არსებულ პროცედურებს ადგილზე გაეცნენ.