აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 187 სახელმწიფოდან საქართველო უკვე მეორედ მოხვდა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. „პირველ კალათაში“.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია რომ, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. შეფასებაში ხაზგასმულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღწეული პროგრესი, ასევე, დაწყებული გამოძიებების გაზრდილი მაჩვენებელი, რაც შემთხვევების გამოვლენისა და პროაქტიული გამოძიებების გაძლიერებას მოწმობს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მტკიცე და ურყევი ძალისხმევა 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცებით, პროაქტიული გამოძიების და ტრეფიკინგისთვის მოწყვლადი ჯგუფების ინდიკატორების განსაზღვრით“.
დოკუმენტში პოზიტიურადაა წარმოჩენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან.
ანგარიშში ასევე შეფასებულია სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია, კერძოდ, პოლიციისა და შრომის ინსპექციის წარმომადგენელთა თანამშრომლობა ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის და პრევენციის მიზნით.
შემფასებელთა ჯგუფი დადებითად აფასებს ტრეფიკინგის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს, რომლებიც შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის (გამომძიებლები, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სხვ.) წინასწარ განსაზღვრული საჭიროებების გამოკვლევის საფუძველზე სისტემატურად ტარდება.
შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ის ქვეყნები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სრულად აკმაყოფილებენ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვის აქტით (TVPA) გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს, აშშ-ს დეპარტამენტის შეფასების ე.წ. „პირველ კალათაში“ იკავებენ ადგილს. ქვეყნები, რომლებიც ჯეროვნად ვერ ასრულებენ მინიმალურ მოთხოვნებს, თუმცა მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენენ, შეფასების „მეორე კალათაში“ განთავსდებიან. „მესამე კალათაში“ კი ხვდებიან ის ქვეყნები, რომლებიც მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ და აღნიშნულის მისაღწევად არც შესაბამის სამუშაოებს ასრულებენ.
საქართველო 2013 წლიდან 2016 წლამდე „მეორე კალათაში“ იკავებდა ადგილს. განხორციელებული რეფორმებისა და შესრულებული რეკომენდაციების შედეგად, 2016 და 2017 წლების ანგარიშში საქართველო უკვე „პირველ კალათაში“ მოხვდა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფოების მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, გამოძიების მაჩვენებლის, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნის, მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის პარტნიორობის მიმართულებით შესრულებულ სამუშაოებს ყოველწლიურად აფასებს.