შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, პროექტის „პოლონეთის დახმარება“ ფარგლებში, პოლონეთის დელეგაცია ეწვია. ქალაქ ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის რექტორს, გენერალ რიშარ დაბროვს და დელეგაციის წევრებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა უმასპინძლა. ვიზიტი ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის დახმარებით განხორციელდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.
პროექტი „პოლონეთის დახმარება“ ორ ეტაპს მოიცავდა. ქართველმა მეხანძრე–მაშველებმა პოლონეთის სახანძრო სკოლაში სამაშველო მომზადება გაიარეს და კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. სწავლება შედგებოდა თეორიული და პრაქტიკულ სავარჯიშოებისგან, ასევე მოიცავდა სიმაღლიდან სხვადასხვა ტიპის დაშვებას. პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, იალღუჯას საწვრთნელ ბაზაზე სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა პოლონელი სტუმრებისთვის მასშტაბური სიმულაციური ჩვენება გამართეს, რაც მიწისძვრის დროს გაჩენილი ხანძრის ქრობას, ცეცხლმოკიდებული შენობიდან დაშავებულების გამოყვანას, სიმაღლიდან საკაცით და სამაშველო ქამრით დაშვებას, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან დაზარალებულების უვნებლად გამოყვანას მოიცავდა.
ღონისძიებას სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის რექტორმა, გენერალმა რიშარ დაბროვმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სიმაღლეზე სამაშველო ოპერაციებისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა საჩუქრად გადასცა.