თბილისში ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი გაიმართა, რომელიც საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო თანამშრომლობის თემით გაიხსნა. ფორუმზე საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გვანცა ჩხვიმიანი სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს პოლიციის ატაშემ ფორუმის მონაწილეებს შსს-ს მიერ საერთაშორისო, ორმხრივი, ოპერატიული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით მიღწეული შედეგები გააცნო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამართალდამცავ სტრუქტურებთან არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც გვანცა ჩხვიმიანმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროს საზღვარგარეთ უკვე 13 პოლიციის ატაშე ჰყავს მივლენილი, მათ შორის რვა - ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, რაც ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებთან ოპერატიულ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
საქართველოს პოლიციის ატაშემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოსა და ევროპოლს შორის ხელმოწერილი, ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
გვანცა ჩხვიმიანმა საქართველოსა და გერმანიას შორის საპოლიციო სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან. საქართველოს პოლიციის ატაშემ გერმანიასთან თანამშრომლობის ცალკეული მიმართულებები განიხილა, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ნარკოტიკების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და განათლების კუთხით ხორციელდება.
საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურები ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობენ „ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმისა და სხვა მძიმე დანაშაულების შესახებ“ 2014 წლის სამთავრობო შეთანხმების, 2016 წელს ოთხ ფედერალურ მიწასთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის და ამავე წელს გაფორმებული, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის ფარგლებში.
ყოველწლიური ქართულ-გერმანული სტრატეგიული ფორუმი, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდისა და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ინიციატივით, თბილისში მეექვსედ გაიმართა. ფორუმში მონაწილეობდნენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰაიკე პაიჩი, პარლამენტის წევრები, კონრად ადენაუერის ფონდის, საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.