შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში 2 ნარკორეალიზატორი - 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გარდა ამისა, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი - ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.