შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებსა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ნინო ჯავახაძემ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზაობა გამოთქვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლებმა სტუმრებს საზღვრის კონტროლის, რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არსებული საპოლიციო თანამშრომლობის მიმართულებით უახლესი ინფორმაცია მიაწოდეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიციის ატაშეებმა და საელჩოების წარმომადგენლებმა კი სამინისტროს თანამშრომლებს ევროპის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ეფექტიანი უვიზო მიმოსვლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები დადებითად შეაფასეს.