შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით "ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების შესახებ" კვლევის პრეზენტაციას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
კვლევა „UNICEF“- ის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის და სხვა ორგანიზაციების ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და მის უმთავრეს მიზანს ქუჩაში მოხვედრილი ბავშვების პროფილის შესწავლა, მიზეზების გამოკვლევა და პრობლემების იდენტიფიცირება წარმოადგენდა.
ნათია მეზვრიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში არსებული გამოწვევების და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა, რაც უკავშირდება ცოტა ხნის წინ ბავშვთა მიმართ შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის ხმაურიან ფაქტს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს მუშაობას სხვა უწყებებთან კოორდინაციის გზით. მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვლევაში წარმოდგენილ გარემოებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს განხორციელებული სხვადასხვა სახის რეაგირება: „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ შემუშავებული ხედვა, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემის აღმოფხვრის მიზნით. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელ აქტივობების შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფართომასშტაბიან კამპანიას“- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კვლევის მონიტორინგის და უწყებების ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, მულტიდისციპლინური სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნა. საბჭომ კვლევის მიგნებების საფუძველზე პრობლემის აღმოფხვრისთვის გასატარებელი ღონისძიებები და რეკომენდაციები შეიმუშავა.
თვისობრივი კვლევა საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია „Fafo“-ს მიერ ჩატარდა.