შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლესთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ.
მოზარდებმა დაათვალიერეს ქართული ხელნაწერების ფონდში თავმოყრილი V-XIX საუკუნეების ხელნაწერები, საეკლესიო მწერლობის ორიგინალური და ნათარგმნი ძეგლები.
ფონდის თანამშრომლებმა სტუმრებს, ასევე, წარუდგინეს საერო ლიტერატურის უძვირფასესი ნიმუშები, მათ შორის შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ნუსხები, ასტროლოგიური, გეოგრაფიული, სამედიცინო, მათემატიკური, სამხედრო და სხვა ხასიათის თხზულებათა შემცველი ხელნაწერები.
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა.